სოციალურ ქსელებში შექმნილია შენი მხარდამჭერების უამრავი ჯგუფი, რომლებშიც ათიათასობით ადამიანი არის გაერთიანებული. როდესაც შენი დაკავების ღამეს გადავწყვიტეთ შენი ოჯახის დასახმარებლად თანხის შეგროვება, მითითებულ ანგარიშზე გადმორიცხვების რამდენიმედღიანი ტალღა დაიწყო. ფული მსოფლიოს ყველა წერტილიდან ირიცხებოდა. განსაკუთრებით ემიგრანტი ქალები და სტუდენტები აქტიურობდნენ. პირველებმა შენში საკუთარი შვილები დაინახეს, ხოლო ახალგაზრდებმა – თანატოლები, რომლებიც სოციალური უთანასწორობისა და უსამართლობისგან იჩაგრებიან. ვიცით, რომ დახმარების მიღება გეთაკილებოდა, მაგრამ ალბათ გაგიხარდება, როდესაც გაიგებ, რომ გზავნილების უმრავლესობა მცირე თანხა იყო, ის მცირედი, რისი გაღების საშუალებაც ჰქონდათ.
შენი ძახილის საპასუხოდ ხალხის დიდი ნაწილი გეუბნება: ეცდებიან დაგაჯერონ, რომ მარტო ხარ, მაგრამ შენ მარტო არ ხარ, რადგან ჩვენც და მთელს ქვეყანასაც ის გვინდა, რაც შენ მოითხოვე ტელევიზიებისთვის გამოგლეჯილი პირდაპირი ჩართვისას, ხალხისადმი მოწერილ წერილსა და სასამართლო დარბაზში. კატასტროფული სისწრაფით მზარდი გაღატაკების პირობებში, როდესაც სულ უფრო მატულობს ბანკებისა თუ სხვა დაწესებულებათა დაყაჩაღების ფაქტები, ჩვენთვის შენი ქმედება მათ რიგებში არ ეწერება. მაშინ, როცა მედიის და საზოგადოების მცირე, მაგრამ გავლენიანი ნაწილი შენი ადეკვატურობის ეჭვქვეშ დაყენებას ცდილობს, ხალხს პოლიტიკური ალღო არ ღალატობს და აქცენტს შენს მიერ გახმოვანებულ მოთხოვნებზე აკეთებს. მედია ცდილობს სწორედ ეს მოთხოვნები არ შეიმჩნიოს ან ღიმილით გაატაროს და აქციოს მორიგ სპექტაკლად, რომელიც, სხვათა შორის, ისევ მშრომელი ხალხის მძარცველებისგან ფინანსდება. არადა, ამ ელემენტარული მოთხოვნების შესრულებაზეა დამოკიდებული, ექნება თუ არა ჩვენს საზოგადოებას მშვიდობა.
იმ ადამიანებს შორის, ვინც შენს მიმართ მხარდაჭერა რაიმე ფორმით გამოხატა, მრავლად არიან ისეთებიც, ვინც საკუთარ ტყავზე გამოცადა ვალიც, თამაშდამოკიდებულებაც და იცის თუ რას ნიშნავს, საკუთარი ოჯახის წევრისთვის წამალს რომ ვერ ყიდულობ. სწორედ ამიტომ ამოიცნო ამ ხალხმა საკუთარი ხმა შენს მოთხოვნებში. ეს ის ხალხია, ვისაც რეალობის ტოტალური გაყალბების მიუხედავად ჯიუტად ჯერა, რომ შესაძლებელია ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც შრომა დაფასდება, სადაც ბოლო მოეღება ჩვენი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციას კერძო ინტერესის სასარგებლოდ, სადაც ბავშვებს შიმშილი არ მოუწევთ, სადაც მევახშეობა აილაგმება, სადაც ახალგაზრდობის ცხოვრების წესის განმსაზღვრელი არა თამაში და წამალდამოკიდებულება, არამედ სწავლა და ღირსეული შრომა იქნება.
შენ საციხოდ გაიხადე საქმე და ამ ფასად მიახალე ჩვენი საერთო, ნამდვილი პრობლემები იმათ, ვინც ყველაფერს აკეთებს ჩვენი აუტანელი ყოფის უცვლელად შესანარჩუნებლად. ტელე-ეთერსა თუ სასამართლო დარბაზში შენ სწორედ ის უმაღლესი საქვეყნო საკითხები დააბრუნე, რასაც პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს თავისი პირვანდელი გაგებით. “პოლიტიკა“ სხვა არაფერია, თუ არა სივრცე, სადაც საჯაროდ ვმსჯელობთ სახალხო სატკივარზე და უსამართლობის გამოსწორებაზე ვზრუნავთ გაერთიანებული ძალით.
სასამართლოში შენ მოიხმე სიტყვა, რომლისგანაც დღევანდელი სასამართლოც და სამართალიც სრულიად დაცლილია: სამართლიანობა. სწორედ უსამართლობის აუტანელი განცდა გვიბიძგებს, ქვეყნის რესურსებზე მომსხდარ ადამიანებს კი არ ვეხვეწოთ, აწი ცოტა ჩვენც გვიწილადეთო, არამედ მოვითხოვოთ ამ გაუმაძღარი ადამიანებისგან ის, რაც გვეკუთვნის. პოლიტიკოსობა და საქვეყნო, სახალხო საქმეთა განკარგვა არავისი პროფესიული ექსკლუზივი არ არის და არც წარმომავლობით ეკუთვნის ვინმეს. იმის განსჯა, თუ რა არის ხალხისთვის უმჯობესი, და სახალხო საქმეზე ზრუნვა უკლებლივ ყველას შეუძლია.
და თუ “პოლიტიკა“ სწორედ ამას ნიშნავს, მაშინ მით უფრო ვალდებულნი ვართ, ის ცეცხლი, რაც შენ სათამაშო სანთებელათი დაანთე და რამაც ისე შეაშინა არსებული წესრიგის დარაჯები, რომ 9-14 წლით ციხეში გამოკეტვას გიპირებენ, არავითარ შემთხვევაში არ განელდეს. ვალდებულნი ვართ, ვიზრუნოთ ისეთი მდგომარეობის შექმნაზე, რომელშიც აღარავის დასჭირდება სხვისი სიმშვიდის დაფრთხობა და საკუთარი ცხოვრების საციხოდ გადადება იმ ძირეული პრობლემების წამოსაჭრელად, რომლებიც საერთოა შენთვისაც, ჩვენთვისაც, მიკროსაფინანსოს თანამშრომლებისთვისაც და მათთვისაც, ვინც იქ ვალის ასაღებად ან გასასტუმრებლად იყო მისული.
ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის.
ლევანის ოჯახის დასახმარებლად შექმნილი საკამპანიო ჯგუფი
1.12.2020