კორონავირუსის აფეთქებამ სახალხოდ გამოამზეურა კაპიტალისტური სისტემის ბინძური თეთრული. წლების განმავლობაში სიხარბით და მომხვეჭელობით მოტივირებულმა პოლიტიკამ ბაზარი გაზარდა იმაზე მეტად ვიდრე ეს ვინმეს სჭირდებოდა, გარდა იმ 1%-სა, რომელსაც ჭარბი სიმდიდრე სახლში მიაქვს. სისტემა ინგრევა იმიტომ, რომ მოლოდინი რომელიც მან დააწესა თავიდანვე იყო არარეალისტური. სისტემა რომელიც ასე არის დამოკიდებული დროსა და პოპულაციაზე, აღმოჩნდა უსუსური მოცემულობის წინაშე, როცა ერთი კვირაც კი არ დავტოვეთ სახლი და ჩვენი ყოველდღიურობა არ მივუძღვენით მის ზრდასა და შენარჩუნებას. კორონავირუსმა აშკარად გვაჩვენა ერთი რამ – ჩვენ არ გვჭირდება კაპიტალიზმი, კაპიტალიზმს ვჭირდებით ჩვენ.
გთავაზობთ ოთხნაბიჯიან მოქმედების გეგმას, თუ როგორ უნდა მოიქცეს ანტი-კაპიტალისტურად განწყობილი ადამიანი კორონავირუსის გამო შექმნილი თვითიზოლაციის, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის პირობებში:
1) არ გაფლანგოთ დრო სერიალებზე, ფილმებზე და იუთუბზე კბილის პასტისგან თვითმფრინავის გაკეთების ტუტორიალებზე. გახსოვდეთ, კულტურული ინდუსტრია აწარმოებს თქვენს ცრუ ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებებს და სურვილებს, რომლებიც მხოლოდ კონსუმერისტული პროდუქტებით შეიძლება დაიკმაყოფილოთ. კაპიტალიზმს სურს იყოთ გათიშული და დაკავებული არასამუშაო საათებში, ასე თქვენ სვამთ ნაკლებ შეკითხვას და ხართ გაუვნებელყოფილი.
2) მიხედეთ საკითხავს და მოსასმენს, რაც ამდენი ხნის განმავლობაში მოუცლელობის გამო დაგიგროვდათ. ვირუსმა კაპიტალიზმს წაართვა დრო, ახლა ეს დრო სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ. შეგიძლიათ უსმინოთ დეივიდ ჰარვის პოდკასტს ან რიჩარდ ვოლფის გადაცემას, ინგლისურენოვნებმა იკითხოთ იაკობინი ან ბაფლერი , თუ ქართულ თარგმანები გსურთ გაეცანით ანარქისტულ ბიბლიოთეკას და ანარქისტ ქალთა გაერთიანებას, თუ გსურთ დაუკავშირდეთ სხვა ანტი-კაპიტალისტურად განწყობილ ადამიანებს შემოგვიერთდით წითელი კედლის ჯგუფში, კოლექტივში ან მწვანე არმიაში.
3) იპოვე თანამოაზრეები, გააცანი სხვა თანამოაზრეები, გაერთიანდი ჯგუფებში, გააზიარე შენი აზრები და შენი არქივები. დღეს ჩვენ ქაოტურად ვართ გაბნეული უსარგებლო წრეებში, არაფრისმომცემ სამსახურებში, უმოქმედო ორგანიზაციებში, მაგრამ დროა ჩვენი ცოდნის და ძალების ორგანიზება დავიწყოთ. დროა გავიცნოთ ერთმანეთი, დროა დავსახოთ გეგმები, დროა გამოვიდეთ სინათლეზე.
4) გახსოვდეს, ოცდამეერთე საუკუნეში ერთი ადამიანი არის ერთი მედია – დაიკავე ინტერნეტი! შექმენი ბლოგი, საიტი, პოდკასტი. მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურე შენი აზროვნების პრიზმიდან და ნურასდროს გეგონება, რომ არავინ გისმენს. ჩვენ გისმენთ და გკითხულობთ და ჩვენ იმაზე მეტნი ვართ, ვიდრე ეს ვინმეს ჰგონია.