ჩემი მეზობელი მოკლეს | დათო ჩიხლაძე

ბანკომატისგან მიღებულ ქვითარს ვკუჭავ და ძირს ვაგდებ

თბილისი არის ნაგავი და მასზე ახალი ნაგვის დაყრა არ მგონია პრობლემას წარმოადგენდეს

შენ მეუბნები: „ყოჩაღ, იქნებ ამან მაინც გააბრაზოს ხალხი საკმარისად“

მე თავს გიქნევ და გიყურებ თითქოს ვიყო შენი კატა და ველოდე ჟელეს

ჩემი მეზობელი მოკლეს.

სახლში მივედი საკმაოდ მთვრალი. იყო სამი საათი

კარი ძლივს გავაღე და როგორ გავითიშე მეც არ მახსოვს

დილით გავიღვიძე ისე, თითქოს იყო ჩვეულებრივი დღე

ჩავიცვი და წავედი სამსახურში, გზად ვიყიდე კაპუჩინო და ნაბეღლავის პატარა ბოთლი

ბოთლი იმდენად პატარაა რომ ზუსტად ეტევა ლავაცას ფართოყელიან ჭიქაში

თხევადი მასა იკავებს სივრცეს იდეალურად და იღებს კონუსურ ფორმას

ფორმა ჭიქას აქცევს მადისაღმძვრელ ლტოლვის ობიექტად

ის წრიული და უძიროა და სავსე თხევადი მასით რომელიც პერიოდულად ისვრის შხეფებს

ეს სანახაობა ჩემში აღძრავს აღუწერელ სიამოვნებას.

სამსახურში დილით ვკითხულობ ახალ ამბებს, სადაც ვიგებ რომ ჩემი მეზობელი მოკლეს.

ძილში ესროლეს დილის ხუთის ნახევარზე

მე უკვე ტკბილად მეძინა, შესაბამისად, არაფერი გამიგია

სახეზე სანადირო თოფი დაადეს და გააკეთეს ერთი გასროლა

საფანტის ტყვიამ მისი ტვინი გამოფინა სააშკარაოზე, ამბობდნენ უთავოდ დამარხესო

ისიც თქვეს ყოფილი კანონიერი ქურდი იყოო, გადაკეთებული ჰქონდაო სახელი

იმალებოდა ვერაზე. მკვლელობის მიზეზი – შურისძიება.

როცა მისი ფოტო აჩვენეს, რომელსაც ჯერ კიდევ ჰქონდა თავი, გავიხსენე

მე მას ვხედავდი გზაგასაყარზე, ტატიშვილის და ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე

აქ მე დილაობთ ვყიდულობ კაპუჩინოს და მინი ნაბეღლავს შუშის ბოთლით

დამწყდა გული ძალიან, არადა არ ვიცნობდი საერთოდ.

მეორე დილით წავედი რომ მეყიდა ნახევრადფენოვანი ხაჭაპური

ტატიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხობში რომელსაც ქვია – „ტარტანი“

ადრე თუ გვიან ყველა იმ ადამიანთაგან, ვინც ცხოვრობს ტატიშვილის ქუჩაზე მოვა აქ

მათ შეუერთდებიან ისინი ვინც მუშაობენ ვერის ბიზნეს ცენტრში

და ისინი ვინც წერენ კოდებს ვერე ლოფტში

მათთან ერთად იქნება ბებო რომელიც დგას ტატიშვილის, ჯანაშიას ან ბაქრაძის ქუჩაზე

და ყველა გამვლელს ეუბნება: „დამეხმარეთ. კიბოიანს. ხუთი თეთრი.“

მეზობლის მკვლელობის მეორე დღეს, ტარტანის კარზე გამოკრული იყო განცხადება

„გარდაიცვალა გოგი ხატოევი, პანაშვიდი ტატიშვილის ქუჩაზე, დაკრძალვა მუხიანში“.

გენტრიფიკაცია ეწოდება პროცესს როდესაც უბნებში დაბალშემოსავლიანი ადამიანები

იძულებულნი ხდებიან მიჰყიდონ სახლები ადამიანებს ვისაც აქვთ მეტი შემოსავალი

იმისთვის, რომ მდიდრებმა გაარემონტონ სახლები და მოიზიდონ ახალი ინვესტიციები

მდიდრები შემდგომში ხსნიან სასტუმროს, კაფეს და ყავახანას

ამ დაწესებულებებში პროდუქციას ყიდულობენ მხოლოდ სხვა მდიდრები

ღარიბებს არ შეუძლიათ დატკბენ საკუთარი უბნის ახალი პლიუსებით

რომელზეც ლაპარაკობენ სხვა უბნებში, სხვა ქალაქებში, სხვა ქვეყნებში

თბილისზე ამბობენ რომ არის ახალი აღმოსავლეთი.

ტატიშვილის ქუჩა მოექცა გენტრიფიკაციის ალყაში

ამ ქუჩის პარალელურად არის თარხნიშვილი

„ანუკის“ ბრენდშოპი, პეპერბოი, ვერე ბიზნეს ცენტრი

მეორე პარალელზე თბილისი განხორციელდა როგორც პრივატიზებული სამოთხე

ბელინსკის ქუჩაზე აქვთ რუმსი, სტამბა, მანუ, ლოლიტა, ქეთის ბისტრო

ტატიშვილის მარცხნივ და მარჯვნივ თბილისი ცხოვრობს პერესტროიკის ოცნებას

აქ ყველაფერი პრიალებს, ყველაფერს აქვს ფასდაკლებაზე ნაყიდი ჟივენშის სუნი

ყველას შეუძლია ჭამოს ბურგერი, დალიოს კოკა-კოლა, დააგემოვნოს ქართული ფუჟენი

თუმცა ვერცერთი ზემოთჩამოთვლილი დაწესებულების ვიტრინაზე

ადამიანები ვერასდროს ნახავენ განცხადებას რომ მათი მეზობელი მოკლეს.

ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ მათი მეზობელი არასდროს მოუკლავთ ან იმას რომ არასდროს მოკლავენ

ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ ამ ქუჩებმა დაკარგეს საზოგადოებრივი ფუნქცია.

უძრავი ქონების პოლიტიკა ვერ განსაზღვრავს სახლის დატოვებით გამოწვეულ ჰუმანურ ზარალს

„არ გაჩერდე“ მარიგებს საქართველოს ბანკის უშველებელი ბილბორდი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s